საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ადამიანების გარკვეულ ჯგუფს დაკარგული პრივილეგიების, წესების და მენტალიტეტის დაბრუნება სურს.
„მე მახსოვს, სტატიებს წერდნენ: სააკაშვილს ეტყობა ბავშვობაში სცემდნენ, ჩაგრავდნენ და ახლა ინაზღაურებს თავისასო; არ გვახსოვს, ეგ კაცი ბირჟაზეო. ხო, ნამდვილად არ ვახსოვარ ბირჟაზე, იმიტომ, რომ ვსწავლობდი, როცა ისინი ბირჟაზე იდგნენ“ - განაცხადა პრეზიდენტმა გლდანში პროფესიული გადამზადების ცენტრის გახსნისას.
სააკაშვილმა ე.წ. „ქუჩის აკადემიაც“ გააკრიტიკა. მისი შეფასებით, ეს ფლიდობის, ზურგში დანის ჩარტყმის, მოტყუების, ძალადობის და მრავალი უბედურების „აკადემია“ იყო.
„ბოლო დღეების მოვლენების ფონზე ძალიან კარგად დავინახე, რისი დაბრუნება უნდათ. იმ ხალხს, ვინც ახლა ხმამაღლა ყვირის, ყველაზე ნაკლებად აღელვებს ძალადობა და ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა. ჩვენ ძალიან გვაღელვებს და ძალიან ვნერვიულობთ ამ თემაზე“-აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სამეგრელოსა და აფხაზეთში ხალხს ძარცვავდა და აწიოკებდა. პრეზიდენტმა საკუთარი და ახლო მეგობრის ოჯახების მიმართ განხოციელებული ძალადობისა და ძარცვის შემთხვევები გაიხსენა.
„ეს ხალხი გვიკითხავს ლექციებს ძალადობაზე? ეს ხალხი იძახის, რომ ჩვენ ვართ ამაში ჩარეული და ჩვენ გვინდოდა ეს? ჩვენ, რომლებმაც მთელი ეს წლები მოვახმარეთ იმას, რომ საქართველოში ძალადობა გაწეულიყო გვერდით, რადგან ყველაზე მეტად რაც მეზიზღება ბავშვობიდან, ძალადობა და ჩაგვრაა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ქმნის სისტემას, რომელშიც ადამიანი არა ფულით და კრიმინალური სამყაროს მხარდაჭერით, არამედ შრომით იზომება.
