რენე სალენსი - საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ქვეყნებს შორის იცვლება, არ შეიძლება საზოგადოებისთვის ღია გახდეს
რენე სალენსი - საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ქვეყნებს შორის იცვლება, არ შეიძლება საზოგადოებისთვის ღია გახდეს
16:32 26.09.2012
საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენე სალენსი აცხადებს, რომ საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ქვეყნებს შორის იცვლება, არ შეიძლება საზოგადოებისთვის ღია გახდეს. ელჩის განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც ქვეყნებს შორის იცვლება, ხშირად სიმართლის დადგენას ემსახურება, ამიტომ საჭირო არ არის, ამის შესახებ საზოგადოებამ იცოდეს.

„როგორც სხვა ქვეყნებს შორის, ასევე საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებობს ურთიერთთანამშრომლობა კრიმინალთან ბრძოლაში.
ამასთან დაკავშირებით, ყველა ქვეყანას შორის ხდება ინფორმაციის გაცვლა, რათა ერთად ებრძოლონ კრიმინალებს. ზოგიერთი ინფორმაცია, რომელიც იცვლება, ხშირად ეხება სიმართლის დადგენას. საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ქვეყნებს შორის იცვლება, არ შეიძლება საზოგადოებისთვის ღიად იყოს ნათქვამი და ცნობილი. არ არის საჭირო, ზოგიერთი ინფორმაცია საზოგადოებამ იცოდეს და მათ შორის ჟურნალისტებმა“ - განაცხადა სალენსმა და დასძინა, რომ მასალები მხოლოდ გამოძიებისთვისაა და ქვეყნებს შორის საიდუმლო ინფორმაციად ითვლება, ამიტომ, არ უნდა გახმაურდეს.

მისივე თქმით, მას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა და იგი ამ არგუმენტებს გაგებით მოეკიდა.

ელჩის განცხადებით, საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა ქვეყანა, საქართველოში მხარს უჭერს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას, რადგან რომელი პარტიაც უნდა იყოს ლიდერი, ეს ხალხის არჩევანია და პროცესები მშვიდობიანად უნდა წარიმართოს.

ბეჭდვა