საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გლდანში პროფესიული გადამზადების ცენტრი გახსნა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, აღნიშნული ცენტრის აშენების იდეა რამდენიმე ხნის წინ, გლდანის დათვალიერებისას გაუჩნა, ვინაიდან უმუშევრობის პრობლემის დაძლევის ეფექტური საშუალება სწორედ მსგავსი დაწესებულებების შექმნაა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ უარი თქვა ძველი პროფტექნიკუმების სისტემაზე და პროფესიული გადამზადების 20-მდე ცენტრი ჩამოაყალიბა.
პრეზიდენტმა სტატისტიკა მოიშველია, რომლის თანახმად, მისი თქმით, მსგავსი ცენტრების კურსდამთავრებულების დიდი უმრავლესობა სამსახურს პირველივე თვეში შოულობს.
„ეს მართლაც ძალიან დიდი გარღვევაა უმუშევრობის კუთხით, მაგრამ იმის ფილოსოფია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამ ცენტრის მიღმაც მიდის“-აღნიშნა მან და დასძინა, რომ ათწლეულების განმავლობაში, საქართველოში ყველაფერს ერთი და იგივე ადამიანები წყვეტდნენ და ყველა პრივილეგიით სარგებლობდნენ.
„ეს იყო საქართველოს მართვის ფილოსოფია, ამის აღდგენას ცდილობენ დღეს და ამიტომ ვაღიზიანებთ ყველაზე მეტად“-განაცხადა მან.
მისივე თქმით, მან და მისმა მთავრობამ ქვეყანაში თანასწორობის იდეა შეიტანა და თბილისში მეორეხარისხოვანი და „დასაცინი უბნები“ აღარ არსებობს.
