„ლეიბორისტული პარტია“ საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთ ლიდერს, რეჟისორ გოგა ხაინდრავას სოლიდარობას უცხადებს და მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.
„ლეიბორისტული პარტია“ პროტესტს გამოთქვამს იმ მორიგი ბინძური ტელე-პიარისა და რეპრესიებისთვის, რაც დაიწყო ხელისუფლებამ რეჟისორ გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ. ასეთი გზით ხელისუფლება მხოლოდ აჩქარებს საკუთარ დასასრულს“- აცხადებენ პარტიაში.
გუშინ საქართველოს პროკურატურამ გაასაჯაროვა მასალები, რომელიც მისი მტკიცებით, საფრანგეთის ეროვნულმა ჟანდარმერიამ მიაწოდა. ფოტო და ვიდეო მასალაში ხაინდრავა ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ არის დაფიქსირებული. ოფიციალური ინფორმაციით, მან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს საქართველოს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი, ქვეყანაში გავლენის აღდგენას დაპირდა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ხაინდრავა გუშინ პოლიციამ დაკითხა. მისი მორიგი დაკითხვა ხვალ იგეგმება. ხაინდრავას განცხადებით, ფაქსი, რომელიც პროკურატურამ გუშინ მიიღო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, არა ეროვნული ჟანდარმერიისგან, არამედ, ერთ-ერთი უწყებისგანაა მიღებული, რომელიც საფრანგეთში კანონიერი ქურდების გადაადგილებას უწევს მონიტორინგს.
