ფრანგული დიპლომატიური კანონის შესაბამისად, რომელსაც მთელი სახელმწიფო ადმინისტრაცია იცავს, ოფიციალური კორესპონდენცია მხოლოდ საელჩოს მეშვეობით იგზავნება.
ამის შესახებ პარტია „საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარემ, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში საფრანგეთიდან ჩართვისას განაცხადა.
ზურაბიშვილის განმარტებით, ეს წესი ეხება ნებისმიერი დოკუმენტს - იქნება ესდიპლომატიური დეპეშა თუ სხვა სახის კორესპონდენცია. აქედან გამომდინარე, მას ეჭვი შეაქვს საქართველოს პროკურატურის განცხადებაში, რომლის თანახმად, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიისგან პირდაპირ ფაქსით მიიღო მასალა, რომელშიც „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გოგა ხაინდრავას ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ შეხვედრაა ასახული.
„მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის კანონით გამორიცხული. თუ იქ ჩაწყობა მოხდა ან რაღაც ასეთი, მე ყველაფერზე ვერ ვაგებ პასუხს. მე ვამბობ იმ კანონზე, რომელსაც ვიცნობ“ - აცხადებს ზურაბიშვილი და დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან არაფერი უკვირის იმ პრაქტიკის გათავლისწინებით თუ როგორ შეცვლილად თარგმნიან ელჩების გამოსვლებს.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულზე კომენტარი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ან საქართველოში საფრანგეთის საელჩომ უნდა გააკეთოს.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ საფრანგეთის ჟანდარმერია თავდაცვის სამინისტროს ნაწილი ანუ გასამხედროებული უწყებაა. ამდენად ის ეჭვობს, რომ მსგავსი მასალა, მით უფრო სახელმწიფო გადატრიალების მზადების დასკვნით, ფაქსით არ გაიგზავნებოდა.
