ბიძინა ივანიშვილი - ხაინდრავამ ფილმი გადაიღო, ეს არის მისი დესტაბილიზაცია და ამით შეაწუხა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი - ხაინდრავამ ფილმი გადაიღო, ეს არის მისი დესტაბილიზაცია და ამით შეაწუხა სააკაშვილი
11:21 26.09.2012
საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას მიმართ პროკურატურის ბრალდებას სისულელეს უწოდებს.

როგორც ივანიშვილმა გუშინ გურჯაანში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის აბსოლუტური სისულელე, რომელიც არა საფრანგეთის ჟანდარმერიამ, არამედ პროკურატურამ გაავრცელა, რომელიც, მისი თქმით, ერთი კაცის იდეოლოგიას ემსახურება.

„ეს არის სისულელე და აბსოლუტური უმეცრება. ასეთ სისულელეებს კიდევ გაავრცელებენ, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს. განა არ იცით, რომ გოგა ხაინდრავა დესტაბილიზაციას ვერ მოახდენს საქართველოში? გაძეძგილი არიან იარაღით, მთელი პოლიცია და ზონდერები მობილიზებული ჰყავთ. რა უნდა გააკეთოს გოგა ხაინდრავამ ცარიელი ხელებით, განა ეს არ იცით? ის კადრები მე არ მინახავს, თქვენგან გავიგე ეს ინფორმაცია. სად მცალია მე იმ სისულეების საყურებლად“- განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ხაინდრავა რეჟისორია, ფილმი გადაიღო, „ეს არის მისი დესტაბილიზაცია და ამით შეაწუხა სააკაშვილი“.

საქართველოს პროკურატურამ გუშინ გაავრცელა მასალა, რომელიც მისი თქმით, საფრანგეთის ჟანდარმერიამ მიაწოდა. მასალაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის ნოემბერში „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა საფრანგეთში „კანონიერ ქურდებს“ შეხვდა და მათ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი, საქართველოში გავლენის დაბრუნება აღუთქვა. ამის შემდეგ კი, ხაინდრავა დაკითვაზე დაიბარეს.

ბეჭდვა