პარლამენტმა „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" სპეციალური რეზოლუცია მიიღო
პარლამენტმა „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" სპეციალური რეზოლუცია მიიღო
01:12 03.08.2021
„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" სპეციალურ რეზოლუციას პარლამენტმა 91 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

„ძალიან მნიშნელოვანი რეზოლუციაა. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ დეპუტატს როგორც მმართველი გუნდიდან ისე ოპოზიციიდან, რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. ეს ნამდვილად არის ის საკითხი, რომელზეც პარტიული ინტერესები გვერდზე გადადის და ერთიანი სახელმწიფოებრივი ინტერესები ხდება მთავარი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ რიგგარეშე სესიაზე განაცხადა.

რეზოლუციის პროექტი განსახილველად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ნიკოლოზ სამხარაძემ გააცნო დეპუტატებს. მომხსენებლის თქმით, ამ რეზოლუციით პარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ერთის მხრივ რუსეთს, რომ მან შეაჩეროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები. ასევე მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას შემდგომი ძალისხმევის კონსოლიდაციისკენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმოს რუსეთის მიერ ოკუპაციისკენ გადადგმული ნაბიჯები.

„საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნისათვის ოკუპაცია არის მთავარი გამოწვევა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და შესაბამისად, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია არის ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რეზოლუცია ეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მასში მკაფიო ჩანაწერია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის პარტნიორები უნდა დაეყრდნონ სწორედ ამ გადაწყვეტილებას როდესაც ისინი წარმართავენ თავიანთ პოლიტიკას, როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ასობით ლტოლვილის და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.

„ეს რეზოლუცია კარგი შესაძლებლობაა მთელ მსოფლიოს, მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ საქართველოს პარლამენტი, მიუხედავად განსხვავებებისა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, ერთიანია საქართველოს დეოკუპაციის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ზოგადად საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით პარტიების ერთსულოვნების წარმოსაჩენად", განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


ბეჭდვა