მერაბ გამყრელიძე და რევაზ ჯაველიძე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდნენ
მერაბ გამყრელიძე და რევაზ ჯაველიძე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდნენ
17:58 29.07.2021
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ გამყრელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემას წარმოადგენდა რეგიონებში მიმდინარე პროექტები.

მხარეებმა შეხვედრის დროს ისაუბრეს რეგიონებში სოფლის მეურნეობის, განათლების, სოციალურ და სხვა სფეროებში პროექტების განხორციელებაში UNDP-ის და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის როლის შესახებ.

მერაბ გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა UNDP-ის ნაყოფიერი საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი აქტიურად იქნება ჩართული მუნიციპალიტეტებთან და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებთან კოორდინაციის საკითხში, პროექტების შემდგომი ეფექტიანი იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად.

UNDP-ის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს რეგიონებში მიმდინარე პროექტების შესახებ. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და ხაზი გაესვა იმ სფეროებს, სადაც აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა რიგი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლოდ თანამშრომლობის გააქტიურებაზე და რეგიონებში არსებული საჭიროებებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე.


ბეჭდვა