პრეზიდენტმა გაეროში ქართულ ციხეებში გამოვლენილ ფაქტებზე, რუსულ საფრთხეებზე და მომავალ არჩევნებზე ისაუბრა
პრეზიდენტმა გაეროში ქართულ ციხეებში გამოვლენილ ფაქტებზე, რუსულ საფრთხეებზე და მომავალ არჩევნებზე ისაუბრა
22:27 25.09.2012
ნიუ-იორკში, გაერო-ს 67-ე გენერალური ასამბლეის სესიაზე გენერალურ დებატებში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  ციხეებში პატიმართა წამების ფაქტების გამოვლენას დემოკრატიის გამოცდა უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ამ გამოწვევას სწრაფად და ეფექტურად უპასუხა.

მისი თქმით, მომხდარის გამო, თანამდებობიდან გადაყენებულია ორი მინისტრი, დაკავებული არიან დამნაშავე პირები და სასჯელაღსრულების უწყებას სათავეში ჩაუდგა პიროვნება, რომელიც სისტემის ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო.

„ის გამოწვევები, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ჩემს მთავრობას მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს“ - განაცხადა საკაშვილმა.

მისი თქმით, არის მცდელობები ძირი გამოუთხარონ ქვეყნის დემოკრატიულ და ლეგიტიმურ ინსტიტუტებს. ამ კუთხით მან აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში საქართველოში რუსეთიდან „გადმოქაჩული“ იყო მილიარდობით დოლარი.

„დარწმუნებული ვარ 1 ოქტომბერს ამომრჩველი გააკეთებს თავის არჩევანს და უარს ეტყვის მათ, ვინც ცდილობს საქართველოს მომავლის კარი ჩაუკეტონ“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები უფრო თავისუფალი იქნება, ვიდრე წინა და ამ მიზნით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა.

პრეზიდენტმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას - ყურადღებით დააკვირდნენ საქართველოს მახლობლად მიმდინარე რუსეთის სამხედრო წვრთნებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ძალების გაძლიერებისა და გადაადგილების პროეცესებს და სწორი სიგნალები გაუგზავნონ რუსეთს, რათა 2012 წელი არ გახდეს 2008 წლის განმეორება.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არა მხოლოდ 5 მილიონიან საქართველოს, არამედ, თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ბედს ეხება.

„დღეს გაერომ უნდა დაიცვას ყველა ქვეყნის მთლიანობა. ჩვენ არ უნდა დავაბრუნოთ დრო უკან“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ბეჭდვა