ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
13:26 27.07.2021
საქართველოში ოფიციალური ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რიკ დემსი საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მიმოიხილეს და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ჩვენ შევეხეთ ყველა იმ თემას, რომელიც საჭირბოროტოა ჩვენი ქვეყნისთვის. იგულისხმება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ძალადობის ფაქტები, იგულისხმება შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის მედიაციით იქნა მიღწეული. ბატონი რიკ დემსი ამ საკითხებზე ინფორმირებულია და ის აპირებს თავისი პოზიცია გამოხატოს ბოლო ხანებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად მივუთითებთ იმაზე, რომ სამწუხაროდ „ქართულ ოცნებას" ახასიათებს შეთანხმებების უპატივცემულობა, დარღვევა და ჩვენ ეს ვნახეთ ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთანხმების პირობებშიც, მაგრამ აუცილებელია იყოს წნეხი ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, წნეხი ჩვენი პარტნიორებისგან იმისათვის, რომ შეთანხმება, რომელსაც ჰქვია საქართველოს მომავლის საგზაო რუქა სრულად განხორციელდეს", - განაცხადა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ.

პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების" წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად საუბარი სასამართლო რეფორმის საკითხებს და 19 აპრილის შეთანხმების მიმდინარეობას შეეხო. „ძალიან კონკრეტულ საკითხებზე იყო საუბარი, მათ შორის ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან. საუბარი შეეხებოდა სასამართლოს რეფორმას და რა თქმა უნდა, 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას", - აღნიშნა ალექსანდრე ელისაშვილმა.
ბეჭდვა