მამუკა მდინარაძე: დღევანდელი დღე პოლიტიკური თაღლითობის და პოლიტიკური მავნებლობის მორიგი მხილებაა
მამუკა მდინარაძე: დღევანდელი დღე პოლიტიკური თაღლითობის და პოლიტიკური მავნებლობის მორიგი მხილებაა
18:06 26.07.2021
"რა შეიძლება დავარქვათ დღევანდელ დღეს? პოლიტიკური თაღლითობის და პოლიტიკური მავნებლობის მორიგი და კიდევ ერთხელ მხილება",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, ქართული საზოგადოებისთვის თავს მოხვეული პოლიტიკურ თაღლითობის მთავარი შემოქმედი „ნაციონალური მოძრაობაა".

„ჩვენ ვნახეთ ოპოზიციური საკმაოდ ფართო სპექტრი აქტორებად იმ მავნებლურ საქციელში, რასაც ერქვა გაყალბებული არჩევნების პროექტის თანამონაწილეობა. სამწუხაროდ, ეს დღესაც გრძელდება, მაგრამ უფრო დაბალ რეგისტრში, იმიტომ, რომ საზოგადოებამ დაინახა სიმართლე და პიარული დინების აღმა სიარულს ისინიც ვეღარ ბედავენ. რა მოხდა სინამდვილეში? „ნაცმოძრაობამ" და მით უმეტეს, სხვა მისმა თანამოაზრე თუ თანამზრახველმა პარტიებმა ჩვენზე არანაკლებ და საზოგადოებაზე არანაკლებ კარგად იცოდნენ, რომ არჩევნებს აგებდნენ ისე პირწმინდად, როგორც ეს მოხდა სინამდვილეში. ამიტომ მოიფიქრეს ერთადერთი რამ - რომ რამენაირად აერიათ სიტუაცია და დამთავრებული არ იყო არჩევნების დღე, როცა თავისი პროექტის განხორციელებას შეუდგნენ. რამდენიმე საათში უკვე ატეხეს აჟიოტაჟი, თითქოს ცესკოში რაღაც ყალბდებოდა, თითქოს დისბალანსიანი ოქმები იყო, თითქოს ვიღაც ხმას და არჩევანს ართმევდა ქართველ ამომრჩეველს და ასე შემდეგ. და ამან, სამწუხაროდ, გასტანა თვეების განმავლობაში. ამაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ის მედიასაშუალებები, რომლებიც წარმოადგენდნენ მიხეილ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობის" საკუთრებას, და მედიასაშუალებები, რომლებსაც და რომელთა წარმომადგენლებსაც პირდაპირ ევალებოდათ, რომ თუკი არჩევნებზე დაძრავდნენ სიტყვას, აუცილებლად ეს არჩევნები უნდა მოეხსენიებინათ როგორც გაყალბებული არჩევნები. ეს იყო ისტორია. ეს იყო რწმენასავით, რომ თუ არ იტყოდა მედიასაშუალების წარმომადგენელი ან მათი რომელიმე პოლიტიკოსი, რომ არჩევნები არის გაყალბებული და გაყალბებულ არჩევნებად არ მოიხსენიებდნენ ამას, რომ ადამიანების ტვინში ასე უარგუმენტოდ გამჯდარიყო, მაშინ ის არ იყო ჭეშმარიტი ნაციონალი ან „ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიის ჭეშმარიტი წარმომადგენელი. ეს არის ძალიან მოკლე ისტორია, რაც მოხდა, მაგრამ ამას საბედნიეროდ, ჩვენ მმართველმა გუნდმა დავუპირისპირეთ ფაქტები მეორე დღიდანვე",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქციის თავმჯდომარემ ისაუბრა „ISFED"-ის პარალელური დათვლის მონაცემებზეც.
„აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, რომელსაც ადრე ასეთი რამ არ უკადრია, გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ცესკოს მონაცემებს არ ემთხვეოდა უბრალოდ მათი მონაცემები. მეორე დღიდანვე, ჩვენი მხრიდან, ეს დასკვნა იქნა მხილებული, დროშიც დააგვიანეს, რაც ასევე უპრეცენდენტო იყო, იმიტომ, რომ იქ რაღაც სხვა ხდებოდა თურმე სინამდვილეში, ანუ, რასაც ლაპარაკობდნენ ცესკოზე, თურმე, იქით ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ „ISFED"-მა და მისმა კონკრეტულმა წარმომადგენლებმა, იკადრეს და გააყალბეს პარალელური დათვლის მონაცემები, რომელიც საქართველოს ისტორიაში აქამდე არასდროს მომხდარა. აი ამ კადრების შემდეგ, როდესაც მეორე-მესამე დღიდანვე ჩვენ მოვთხოვეთ მათ, რომ რამენაირად გამოეჩინათ კეთილი ნება და რამე მონაცემი მაინც მოეცათ, ჩვენი დიდი ხნის განმავლობაში ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხები იმიტომ, რომ ეს მონაცემები იყო გაყალბებული. არცერთ გულუბრყვილო ადამიანს არც ამ დარბაზში, არც მედიასაშუალების წარმომადგენლებს და არც თქვენ, არ გჯერათ, დარწმუნებული ვარ, იმის, რომ ფორმულა შეეშალათ. ერთი ჩემი კოლეგა, ამ დარბაზში, პრივატულ საუბარში მიმტკიცებდა, რომ ისინიც დაინტერესდნენ ამ თემით და ეს იყო უბრალოდ შეცდომა. თუ ეს იყო შეცდომა, მე ვსვამ მარტივ კითხვას: როდესაც მე პირადად, მესამე დღეს არჩევნებიდან, ჩავატარე ბრიფინგი და ამ შეცდომის შესახებ ვაუწყე „ISFED"-ის წარმომადგენლებს და ვუთხარი, ამის მიზეზებზე ესაუბრათ, მაშინ რატომ არ მოხდა მეორე დღესვე ასეთი მარტივი ტექნიკური შეცდომის გამოსწორება და რატომ მოხდა ეს ერთი თვის თუ თვენახევრის შემდეგ. იმიტომ, რომ ეს იყო გამიზნული, ეს იყო დადგმული სპექტაკლის შემადგენელი ნაწილი და ეს იყო პოლიტიკური თაღლითობისა თუ მავნებლობის ნაწილი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობას უნდა გამოეხატა დიდი უნდობლობა არჩევნების მიმართ, აღშფოთებულიყვნენ და ეს იყო, საბოლოო ჯამში, მაინც, გაგიკვირდებათ, ისევ მიხეილ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის" მიზანი. ეს იყო ერთიანი შეკრული გუნდი პოლიტიკური თაღლითობისთვის, საქართველოში სიტუაციის ასარევად, ესეც მარტივი და უაპელაციოდ გასაზიარებელი ისტორიაა",- აღნიშნა დეპუტატმა.

მამუკა მდინარაძემ საგამოძიებო კომისიის წევრებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ბევრი გააკეთა იმისთვის, რათა საზოგადოებამდე რეალური, სწორი და ობიექტური ინფორმაცია მისულიყო.

„ქართული საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველიც კი უკვე ხვდება რაში იყო საქმე, რომ მათ მოატყუეს. ამ ტრიბუნიდან ერთხელ ვთქვი, რომ „ნაცმოძრაობა" ბედავს იმდენს, რამდენსაც ამას ჩვენი ამომრჩეველი აბედინებს. ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ ხოლმე, რამდენს აბედინებთო, მაგრამ ისინი ზუსტად იმდენს ბედავენ, ეკვივალენტში გადატანილს, რამდენი ადამიანიც მათ უჭერს მხარს და ეს ჯერ კიდევ საკმაო რაოდენობაა, რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი, დამეთანხმებით, არ არის ცოტა. არ არის საკმარისი გამარჯვებისთვის, მაგრამ რამდენიმე ასეულ ათას ადამიანზე გვაქვს საუბარი. თქვენ სასტიკად კიდევ ერთხელ მოგატყუეს",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.



ბეჭდვა