პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა კეტაშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატის ნუკრი ქანთარიას სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა გააცნეს.
როგორც გელა კეტაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მისი კანდიდატურა ყველა გამოკითხვის მიხედვით ისნის ოლქში ლიდერობს, მან „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტა.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერების განცხადებით, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მხრიდან „თავისუფალი საქართველოს“ მიმართ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებებისა, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მზად არიან ნებისმიერ დროს შეხვდნენ ბიძინა ივანიშვილს და თანამშრომლობის ნებისმიერ ფორმატზე შეთანხმდნენ.
როგორც აღნიშნული პარტიის ლიდერები აცხადებენ, „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოთქმული ბრალდებების მიუხედავად, „თავისუფალი საქართველოს“ გადაწყვეტილება, რომ 20 მაჟორიტარულ ოლქში მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატებს ძალაში რჩება, ისევე, როგორც გადაწყვეტილება, რომ „თავისუფალი საქართველო“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს.
„მზად ვართ, ნებისმიერ დროს შევხვდეთ ბიძინა ივანიშვილს და შევთანხმდეთ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაზე. ჩვენ მას 20 მაჟორიტარულ ოლქში მხარს ვუჭერთ და კიდევ იქნება მსგავსი გადაწყვეტილებები ჩვენი მხრიდან“ - განაცხადა კუკავამ.
