ეკა ბესელიას თქმით, „ქართული ოცნების“ ფოთის საარჩევნო შტაბთან „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლეს
ეკა ბესელიას თქმით, „ქართული ოცნების“ ფოთის საარჩევნო შტაბთან „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლეს
13:57 25.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის ჯკანდიდატი ეკა ბესელია ხელისუფლების მხრიდან ბოლო დღეებში  გახშირებულ პროვოკაციებზე საუბრობს.

როგორც ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გუშინ ღამით, ფოთის საარჩევნო შტაბთან გაურკვეველმა პირებმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლეს და საარჩევნო შტაბზე გაკრული ბანერი დააზიანეს.

ბესელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები აქტიურად ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას, რასაც ძირითადად, ღამის საათებში ახორციელებენ.

მისი თქმით, ამასთან, დაზიანებულია ფოთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ერთადერთი საარჩევნო ბილბორდი.

მისივე თქმით, გუშინ პოლიციამ „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი გოდერძი შონია და გიზო ცაავა დააკავა, რომლებიც ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მსხვერპლნი გახდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ძირითადად, ღამის საათებში ახორციელებენ შემოვლას და აგრესიულად იქცევიან. როგორც ჩანს, ამ დღეებში ისევ არის მოსალოდნელი ამ ტიპის აგრესია და ხელისუფლების მხიდან პოლიტიკური რეპრესიები, რადგან არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება აგონიაშია“ - განაცხადა ეკა ბესელიამ და აღნიშნა, რომ დარჩენილ 6 დღეში, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რათა არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეს.

ეკა ბესელიას განცხადებით, ამასთანავე, გარკვეული ჯგუფები მთელ ქალაქში დადიან და ადმინისტრაციულ, მათ შორის, ახალგარემონტებულ შენობებზე აწერენ რიცხვს - 41. მისი განმარტებით, ამ ჯგუფებს კოალიციასთან საერთო არაფერი აქვს და არ ასრულებენ „ქართული ოცნების“ მითითებას.


ბეჭდვა