პარტია „თავისუფალი საქართველო“ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს პარტიის ლიდერებმა პრესკონფერენცია გამართეს და მასმედიის წარმომადგენლებს, ბოლო დღეებში ივანიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნეს.
პარტიის ლიდერების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფალი საქართველო“ ყოველთვის სოლიდარული იყო „ქართული ოცნების“ მიმართ, ბიძინა ივანიშვილი ეჭვქვეშ აყენებს „თავისუფალი საქართველოს“ ბრძოლის მიზნებს და აცხადებს, რომ ეს გაუგებარი ბლოკი ხელისუფლების თამაშს თამაშობს.
პარტიის ლიდერების განცხადებით, „თავისუფალი საქართველო“ ერთადრეთი პარტიაა, რომელიც არ არის კოალიციის წევრი, მაგრამ ამავე დროს, სოლიდარულია „ქართული ოცნების“ მიმართ.
ამასთან, პარტიის ლიდერები მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილს, გაიხსენოს სააკაშვილის მმართველობის თუნდაც ერთი წელი, როდესაც „თავისუფალი საქართველო“ არ ებრძოდა არსებულ ხელისუფლებას.
„გვსურს, საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ. განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ოპონენტებისთვის იარლიყების მიკერებით პოლიტიკური კარიერა დაიწყო მიხეილ სააკააშვილმა და სწორედ ამან მიიყვანა საქართველო სრულ ტირანიამდე“ - აცხადებენ „თავისუფალ საქართველოში“ და აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ღირსეული ოპონირება, რადგან „თავისუფალ საქართველოს“ სურს სისტემის შეცვლა და არა არსებული სისტემის ჩანაცვლება ახალი გვარებით.
პარტიის ლიდერები თხოვნით მიმართავენ „ქართული ოცნების“ წევრებს, რომ ან დაეთანხმონ ბიძინა ივანიშვილს, რომ „თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლების სატელიტია ან გამოთქვან საკუთარი აზრი საჯაროდ და ამით დაეხმარონ კოალიციის ლიდერს სააკაშვილის შეცდომების თავიდან აცილებაში.
