პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები ბოლო დღეებში კოალიცია
„ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკავებას ხელისუფლების მიერ ხალხის დასაშინებლად მიმართულ ქმედებებს უწოდებენ.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი უკანონო ქმედებებით ყოველდღიურად ადასტურებს, რომ ძალადობა მისი ძირითადი იარაღია.
განცხადების თანახმად, ისევე როგორც 2011 წელს, „სახალხო კრების“ აქციების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, პოლიციამ და ე.წ „ზონდერბრიგადებმა“ „სახალხო კრების“ მომხრეების უკანონო მასიური დაპატიმრება-გატაცება დაიწყო, ახლაც, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური კოალიციის მომხრეთა მასიური დაპატიმრება ხდება.
„დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭო თვლის, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ აქტივისტების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული მასიური დაპატიმრებები პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად და ხალხის დასაშინებლადაა მიმართული, რაც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან პირდაპირ კავშირშია“ - ნათქვამია განცხადებაში.
„დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა უკანონო პატიმარს თანადგომას უცხადებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადამკვირვებლო მისიებს და ქართველ უფლებადამცველებს მიმართავს, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რეჟიმის ძალადობრივ ქმედებებს ადეკვატური შეფასება მისცენ.
