„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკო-ს მიერ გუშინ ახალი რეგულაციების შემოღებას უკავშირდება, რომელიც საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღებას გარკვეულწილად ზღუდავს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი ცესკო-ს სხდომაზე ქდმ-ს წარმომადგენელმა დაუჭირა.
„ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა, გპასუხობთ - იმის მიუხედავად,რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, „ქრისტიან-დემოკრატები“ გააკეთებენ განმარტებას, რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას“ - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე.
ცესკო-ს გადაწყვეტილებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. ფოტო და ვიდეოგადაღების დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდებიან, მინიმუმ, 3 მეტრის მანძილზე გადასაღები ობიექტიდან, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. გარდა ამისა კამერებისთვის სპეციალური ადგილი ისე უნდა იყოს გამოყოფილი, რომ საარჩევნო ყუთი ჩანდეს.გადაღება დაშვებულია პირველიდან ბოლო ამომრჩევლამდე და შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე პერიოდის ჩათვლით. გარდა ამისა, თუ ოპერატორმა ერთხელ მაინც დატოვა საარჩევნო უბანი, ის გადაღების უფლებას კარგავს.
აღნიშნული დადგენილება ცესკო-მ 11 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი „კონსერვატორებისა“ და „მრეწველების“ წარმომადგენლებმა არ დაუჭურეს. დოკუმენტის სასარგებლოდ ხმა „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრმა მისცა.
