საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პერიოდში, დროის თვალსაზრისით, ფოტო და ვიდეოგადაღება შეზღუდული არ იქნება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ცესკო-ში დღეს გამართულ სხდომაზე ყველა შეთანხმდა აღნიშნულ პრინციპულ საკითხზე, თუმცა, დასაზუსტებელია რეგულაციის ტექნიკური საკითხები.
ხარატიშვილის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა კენჭისყრის პროცესში ინტერვიუს აღების ფორმაზე. მისი განმარტებით, საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებთან ინტერვიუს ჩაწერის პროცესმა შესაძლოა, კენჭისყრის მიმდინარეობა შეაფერხოს. ამიტომ განიხლება საკითხი, რომ ინტერვიუს ჩაწერა, მხოლოდ საარჩევნო უბანს გარეთ იქნეს ნებადართული.
„შევთანხმდით მნიშვნელოვან საკითხზე და გადასაჭრელი დაგვრჩა ძალიან წვრილმანი და ტექნიკური საკითხები“ - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
ამ დროისთვის, ცესკო-ს სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. სხდომა დახურულ კარს მიღმა განახლდება, რადგან კონკრეტული საკითხების გახილვას დარბაზში ხმაური სდევდა თან. კერძოდ, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე თავისი პოზიციის დაფიქსირებასა და შეკითხვის დასმის უფლებას ითხოვდა. ამის საშუალება მას ცესკო-ს თავმჯდომარემ არ მისცა და სთხოვა სხდომის მიმდინარეობისთვის ხელი არ შეეშალა.
ცესკო მეორე დღეა დადგენილებას განიხილავს, რომელიც საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს ფოტო და ვიდეოგადაღებას ეხება. თავდაპირველი ვარიანტით საუბარი იყო ხმის მიცემის პროცესში, პირველიდან ბოლო ამომრჩევლამდე უბანზე გადაღების აკრძალვაზე, გადაღება რამდენიმე წუთით მხოლოდ თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში იყო შესაძლებელი. აღნიშნულ საკითხს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამ ეტაპზე კი, საუბარია უბანზე დროის თვალსაზრისით გადაღების შეუზღუდავ შესაძლებლობაზე და გადასაღებად 3 მეტრიანი რადიუსის სპეციალური ადგილის გამოყოფაზე.
