ხარატიშვილი ფოტო და ვიდეოგადაღებისთვის საარჩევნო უბანზე სპეციალური ადგილის გამოყოფის ინიციატივით გამოდის
ხარატიშვილი ფოტო და ვიდეოგადაღებისთვის საარჩევნო უბანზე სპეციალური ადგილის გამოყოფის ინიციატივით გამოდის
21:44 24.09.2012
ცესკო საარჩევნო უბნებზე არჩევნების დღეს ფოტო და ვიდეოგადაღების შეზღუდვის შესახებ დადგენილების პროექტს განიხილავს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომისიის წევრები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ და განხილვის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს.

მისი თქმით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ფოტო და ვიდეოგადაღება საარჩევნო უბანზე პირველიდან ბოლო ამომრჩევლამდე დასაშვებია, თუმცა, უნდა განისაზღვროს გადაღების ადგილი, რათა ხარატიშვილის თქმით, ამან გავლენა არ მოახდინოს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე.

გარდა ამისა, როგორც ხარატიშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ კენჭისყრის პროცესს ინტერვიუს ჩაწერამ ხელი არ შეუშალოს, ის საარჩევნო უბნის გარეთ უნდა განხორციელდეს.

„ეს ტექნიკური საკითხია და არ უნდა მოხდეს მისი პოლიტიზება“- განაცხადა ხარატიშვილმა.

მისი ინიციატივით, საარჩევნო უბანზე ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ გამოიყოფა სპეციალური ადგილი 3 მეტრის რადიუსით, საიდანაც გადაღება იქნება შესაძლებელი.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზურაბ მარაქველიძე ამ ცვლილებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მრავალი არჩევნები ჩატარდა და არავის გამოუთქვამს პრეტენზია ფოტო და ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით.

სხდომის პარალელურად, ცესკო-ს შენობასთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გრძელდება.


ბეჭდვა