ქდმ-ს წარმომადგენლებმა ამომრჩეველთან მასშტაბური შეხვედრა გამართეს
ქდმ-ს წარმომადგენლებმა ამომრჩეველთან მასშტაბური შეხვედრა გამართეს
18:24 24.09.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღეს სპორტის სასახლეში ამომრჩეველთან მასშტაბური შეხვედრა გამართეს.

წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო შეხვედრაზე მხარდამჭერებს მოძრაობის ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ, გიორგი ახვლედიანმა, ინგა გრიგოლიამ და მაგდა ანიკაშვილმა მიმართეს.

როგორც გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, ახლა ორ პოლიტიკურ ძალას შორის კომპრომატების ომია დაწყებული.

მისი თქმით, სწორედ ახლა ხვდება ქართული საზოგადოება, რომ სწორი არჩევანი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაა“, რომელიც ხელისუფლებაში მოსასვლელად სუფთა პოლიტიკური მეთოდებით იბრძვის.

„ნაცმოძრაობისა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის გაჩაღებული კომპრომატების ომი, ძალიან ბევრ ადამიანს იმედგაცრუებას მოუტანს და პოლიტიკის მიმართ ძალიან ბევრს გულს გაუცივებს. არსებობს გზა, რომელსაც „ქრიტიან-დემოკრატიული“ იდეოლოგია ჰქვია“ - განაცხადა თარგამაძემ.

ლიდერებმა სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკურ პროგრამასთან ერთად ყურადღება იმ ვიდეომასალაზე გაამახვილეს, რომელიც საპყრობილეებში არსებულ ვითარებას ასახავს.

„ხათუნა კალმახელიძე ციხეში უნდა ჩაჯდეს, რადგან ციხეებში ადამიანებს აწამებდნენ. ასევე, პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა უნდა აიღოს, იმიტომ რომ მისი ხელისუფლების სახე ახალაიების „ტროიკაა“. ისინი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდნენ“ - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

დღევანდელი შეხვედრა სოლიდარობის აქციით დასრულდა. კერძოდ, პატიმართა მიმართ სოლიდარობის დასაფიქსირებლად სცენაზე მავთულხლართები ააგეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.



ბეჭდვა