საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, მათ, ვინც ქვეყანაში საკუთარი ნგრევის პროგრამით მოდიან, ერთ კვირაში ხალხისგან დიდი იმედგაცურება ელით.
როგორც მან გურჯაანში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, გარკვეული ჯგუფი კორუმპირებული ჩინოვნიკების დაბრუნების, ციხიდან კრიმინალების გამოშვების და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროგრამით მოდის, თუმცა, მათ მალე იმედი გაუცრუვდებათ.
მან ადამიანთა წამებასა და ძალადობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არ შეიძლება ადამიანის ბედთან თამაში, ვინც უნდა იყოს ის - დამნაშავე თუ უდანაშაულო.
მისივე თქმით, დაუშვებელია ადამიანთა ბედით სპეკულირება, მათი უბედურების გაყიდვა და ამით მიზნების შესრულება.
„მესმის, რომ საქართველოში შემოსულია რუსული ფული და ისიც კარგად ვიცი, რომ საქართველოში ყველაფერი იდეალურად არ არის. როდესაც საქმე ეხება ადამიანის ბედს, მის გადარჩენას, ბოროტების და სისასტიკის შეჩერებას, ძალადობის აღკვეთას, ხალხო, თვალები გაახილეთ - რა შუაშია პარტიული კუთვნილება, რა შუაშია 2%-ით მეტი მოგემატებათ არჩევნებზე თუ ნაკლები, ეს ხომ საერთო ქართული თემებია“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში აღმშენებლობა მიმდინარეობს, იხსნება სასწავლებლები და შენდება ახალი ქალაქები, ხოლო ყოველივე ამის ფონზე ვიღაცეები დადიან და ზურგს უკან ამბობენ - „გვიშოვეთ ცუდი ფაქტები, ხალხი დავშოკოთ“.
„მაგათ ჩვენი ხალხი სულელი ხომ არ ჰგონიათ? ვინც ახლა გამოდის და ადამიანის უფლებებზე მოთქვამს, ის ხალხია, ვინც შეკრული იყო კრიმინალთან, ვინც აუთოვებდა, კლავდა ადამიანებს და წამალზე დასვა მთელი თაობა“- განაცხადა სააკაშვილმა.
