საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, წელს საქართველოში ყველაზე კარგი რთველი იყო.
როგორც მან გურჯაანში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, მტერმა ვერ დაამარცხა კახეთი ღვინის ემბარგოთი. წელს ყველაზე კარგი რთველი ჩატარდა და სტიქიით ყველა დაზარალებულს ზარალი აუნაზღაურდება.
„ვამაყობ თქვენით, იმიტომ, რომ აქ ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს და ვერანაირი გარე ძალები, ვერანაირი ინტრიგები, ვერანაირი პროვოკაციები და სიბინძურე თქვენ ვერ დაგამარცხებთ“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც სტიქია დაატყდა კახეთს, მთელი საქართველო დადგა ფეხზე.
ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, იგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეცნობა ხალხის პრობლემებს.
„მე სულ დავდივარ საქართველოში და ვინც იტყვის, რომ ამათ ახლა გაახსენდათ ხალხიო, ეტყობა თვითონ რაღაც არ ახსოვს. არ ყოფილა ერთი დღეც კი, ბოლო რვა წლის განმავლობაში, რომ მე არ ვყოფილიყავი ჩემს ხალხთან ერთად. მე ყველაზე კარგად ვიცი, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა, მაგრამ ჩვენ ვიცხოვრებთ უკეთესად, რადაც უნდა დაგვიჯდეს“- განაცხადა სააკაშვილმა.
