მერაბიშვილი გურჯაანის მოსახლეობას 2013 წლისთვის უფასო ინტერნეტს შეპირდა
მერაბიშვილი გურჯაანის მოსახლეობას 2013 წლისთვის უფასო ინტერნეტს შეპირდა
17:24 24.09.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გურჯაანის მოსახლეობას 2013 წლისთვის უფასო ინტერნეტს შეპირდა.

როგორც ვანო მერაბიშვილმა გურჯაანის მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, წელს ხელისუფლება რთველს ყველაზე მომზადებული შეხვდა და ყველაზე კარგი ხარისხის ყურძენი მიიღო.

„წელს ჩვენ ყველაზე კარგად აღვჭურვეთ ღვინის ქარხნები. შესაბამისად, 2012 წლის მოსავალი ყველაზე კარგია, თუმცა, ყოველი მომდევნო წელიწადი არანაკლები იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა სოფელი ფეხზე დადგეს, რომ ყველა სოფელში იყოს გზა და წყალი და გპირდებით, რომ 2013 წლის მაისში ყველა სოფელსა და ქალაქში ყველასთვის უფასო ინტერნეტი იქნება“ - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს წლებში ყველა ადამიანი დაზღვეული იქნება და მას ექიმთან მისვლის არ შეეშინდება, რადგან მოქალაქეებს ხარისხიანი ჯანდაცვა ექნება.

მერაბიშვილის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დიდი გამარჯვებისგან ყველა გლეხმა და მოქალაქემ მეტი სარგებელი მიიღოს.


ბეჭდვა