საია-ს ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტებმა იმატა
საია-ს ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტებმა იმატა
16:34 24.09.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილებები და იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაცია ქონების  დაყადაღებასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს არ პასუხობს.

საია-მ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა, რომელიც აპრილი-ივლისის მონაცემებს მოიცავს.

„მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი სასამართლო განჩინებით, ადგილი აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. პირებს არ ეძლევათ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობა, რადგან მათთვის მიუწვდომელია სისხლის სამართლის საქმის მასალები“ - განაცხადა პრეზენტაციისას საია-ს საარჩევნო პროექტების კოორდინატორმა ლელა ტალიურმა.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც მათ ქონებას ყადაღა ედება, აღძრულია ფაქტზე და არა პირის მიმართ.

საანგარიშო პერიოდში საია-ს თბილისისა და რეგიონულ ოფისებში მნიშვნელოვნად იმატა იმ ჟურნალისტების მომართვებმა, რომელთაც პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას უკანონოდ ეშლებათ ხელი.

ანგარიშის თანახმად, უმეტესად ადგილი აქვს ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და მათ საქმიანობაში ხელისშეშლის უკანონო ქმედებებს, რაც რიგ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების, ცალკეულ შემთხვევებში კი, თავად სამართლდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხორციელდება.

საია-მ მონიტორინგი თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში განახორციელა.



ბეჭდვა