სასჯელაღსრულების სამინისტრო უარყოფს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განცხადების გავრცელების მომენტისთვის ქსნის მე-15 დაწესებულებაში
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების არსებობას.
როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატის მიერ განცხადების გავრცელების მომენტისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლები უკვე იდენტიფიცირებული და სამსახურიდან გათავისუფლებულები იყვნენ.
განცხადების თანახმად, სასჯელაღსრულების სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების შესახებ მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც როგორც უშუალოდ პატიმართა, ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის უფლების მქონე პირებისა და ორგანიზაციების მიერაა მიწოდებული.
„მიღებული ინფორმაციის შემდეგ, ყველა კონკრეტული ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალურად ხდება. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ განცხადებაში აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლები განცხადების გავრცელების მომენტისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ უკვე იდენტიფიცირებული და სამსახურიდან გათავისუფლებულები იყვნენ“ - ნათქვამია განცხადებაში.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 20 სექტემბრის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის არცერთი ფაქტი აღარ დაფიქსირებულა, რასაც მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა და ორგანიზაციების მიერ გავრცელებული პირველადი ანგარიშებიც ადასტურებს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქსნის დაწესებულების ე.წ. „ძველ ზონაში“ განთავსებულმა მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის სახელზე დაწერეს კოლექტიური ახსნა-განმარტება, რომელსაც ხელს 526 მსჯავრდებული აწერს და რომელიც მსჯავრდებულთა მიმართ ქსნის N15 დაწესებულების ადმინისტრაციის და თანამშრომლების მხრიდან წარსულში განხორციელებულ არასათანადო, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ეხება.
განცხადებაში ასევე, დასახელებული არიან დაწესებულების ის თანამშრომლები, რომლებიც პატიმართა გადმოცემით, მათ სცემდნენ და არასათანადოდ ეპყრობოდნენ.
