საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ქართული მხარე ოფიციალურად გმობს.
ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად განაცხადებს პროტესტს და ასევე, საპროტესტო ნოტა რუსეთის ფედერაციაშიც გაიგზავნება.
კალანდაძემ განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკანონოდ ჩაატარა არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მისი ქმით, ეს საქართველოსთან შეთანხმებით უნდა მომხდარიყო, თუმცა, რუსეთის ხელისუფლებას ამის ნებართვა არ აუღია.
ნინო კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ დე-ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის ანქვაბის მიერ რუსეთის არჩევნებში მონაწილეობის მიღებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქმე გვაქვს ოკუპანტ ძალასთან.
"მან ხმა მისცა თავის პრეზიდენტს, როგორც რიგითმა მოქალაქემ და თუ აქამდე ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული იყო, ახლა ეს საბოლოოდ დადასტურდა", - განაცხადა კალანდაძემ.
