საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ ის, რაც საზოგადოებამ ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ იხილა,
ქართველი ხალხის დამონების პროცესია. ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძე გაზეთ „ასავალ დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.ედუარდ შევარდნაძე გაზეთთან აღნიშნავს, რომ მსგავსი შეფასება იმ სისასტიკესა და დაუნდობლობას, რაც ქართველმა ხალხმა ნახა, სრულად არ გამოხატავს.
„გულწრფელად გეტყვით - ნეტავ ამას არ მოვსწრებოდი! ნეტავ ეს ყველაფერი არ მენახა! პატრიარქის თქმისა არ იყოს, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოში მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო“ - აცხადებს შევარდნაძე.
მისივე თქმით, შეუძლებელია, მსგავსი სადიზმი ჯანსაღი ადამიანის თავში მომწიფდეს. შევარდნაძე არ უარყოფს, რომ ცემისა და გაუპატიურების ფაქტები ციხეში ყოველთვის იყო, მაგრამ მსგავსი არსად არაფერი უნახავს.
„ჰიტლერის „კონცლაგერებშიც“ პატიმრებს კლავდნენ, მაგრამ ასე გაუგონრად იქაც კი არ ამცირებდნენ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ კადრების ნახვის შემდეგ, ქვეყანაში კიდევ დარჩა ადამიანი, ვისაც აქვს ილუზია, რომ ყველაფერი კარგადაა“ - განაცხადა ედუარდ შევადნაძემ.
მისივე თქმით, სტუდენტობა ყოველთვის მთავარი ძალა იყო, რომელსაც ქვეყანაში სიტუაციის შეცვლა შეეძლო. მათი პროტესტის წინააღმდეგ, ნებისმიერი ხელისუფლება უძლური იყო.
„ამიტომაც მეშინია, ამ კადრების ნახვით შეურაცხყოფილმა ახალგაზრდებმა დაუფიქრებელი ნაბიჯი არ გადადგან. მივმართავ მათ - თქვენი სიცოცხლე სამშობლოს სჭირდება, გაფრთხილდით! იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანა შურაცხყოფილი და თავლაფდასხმულია, ძნელია ემოციები აკონტროლო, მაგრამ ახლა არეულობის დრო არ არის“ - აცხადებს ექს-პრეზიდენტი.
მისივე შეფასებით, ერთადერთი, ვისაც დესტაბილიზაცია აწყობს ხელისუფლებაა, რადგან მათი მიზანი არჩევნების ჩაშლაა. ამიტომ, ბევრი რამაა დაგეგმილი იმისთვის, რომ არჩევნები არ ჩატარდეს.
„როგორმე არჩევნებამდე მივიდეთ და დამნაშავეები მერე დავსაჯოთ“ - განაცხადა შევარდნაძემ და დასძინა, რომ მომხდარის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილზე საუბარი აღარ სურს, რადგან მისი თქმით, გამორიცხულია, რომ ხელისუფლებას ციხეებში არსებული ვითარების შესახებ არ სცოდნოდა.
მისივე თქმით, სააკაშვილმა საპარლამეტო არჩევნები იმ დღეს წააგო, როდესაც პატიმართა წამების ამსახველი პირველი ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა.
ამასთან, ექს-პრეზიდენტი დემოკრატიულ მსოფლიოსა და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, ყველაფერი გააკეთონ საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.
