„ქართული ოცნება“ - შსს-მ პროვოკაციული და ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელება დაიწყო
„ქართული ოცნება“ - შსს-მ პროვოკაციული და ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელება დაიწყო
14:09 24.09.2012
საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ პოლიციელთა მოსყიდვის მცდელობის ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებებსა  და ვიდეოჩანაწერს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ანონსის შესაბამისად, შსს-მ დაიწყო პროვოკაციული და ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელება.

ბლოკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება დაკავებულია ფალსიფიცირებული სერიალის შეთხზვით, რომლის გაგრძელება სავარაუდოდ, მრავალჯერ ნანახი „სცენარების“ განმეორება იქნება.

„დეტალების შეფასებისგან შეგნებულად თავს ვიკავებთ, რადგან ვთვლით, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება სააკაშვილის ხელისუფლების მთავარ იარაღად პოლიტიკურ ოპონენტებთან და ქართველ ხალხთან ბრძოლაში. ამ ძალადობრივ პოლიტიკას წერტილი დაესმევა 1 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი დაასრულებს მოძალადე რეჟიმის არსებობას და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდება წესრიგი და სამართლიანობა“- ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაარჩევნოდ პოლიციელების მოსყიდვის მცდელობის ფაქტების შესახებ რამდენიმე ვიდეოჩანაწერს ავრცელებს. სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს სამი ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომლებშიც სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიგურირებენ. მოსყიდვის მცდელობის ფაქტზე ასევე დაკავებულია რამდენიმე პიროვნება. შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეში ბიძინა ივანიშვილის ძმიშვილიც მონაწილეობს, თუმცა, იგი დაკავებული არ არის.

ბეჭდვა