საია ფაცაციას, ცაგურიასა და ალადოშვილს დაკავების პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს
საია ფაცაციას, ცაგურიასა და ალადოშვილს დაკავების პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს
20:07 23.09.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ დავით ფაცაციას, დაჩი ცაგურიასა და ბექა ალადოშვილის დაკავების  მიზეზი, სავარაუდოდ, მათი პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივობა გახდა.

საია დაკავებულებს საადვოკატო დახმარებას უწევს.

როგორც ასოციაციის დღევანდელ განცხადებაშია აღნიშნული, საქმეების სასამართლოში განხილვისას მოსამართლეების მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ დარღვევებს.

საიას განცხადებით, დაცვის მხარეს არ მიეცა იმის დადასტურების შესაძლებლობა, რომ დაკავებულ პირებს სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ.

კერძოდ, როგორც იურისტები განმარტავენ, პოლიციელები, რომლებმაც დააკავეს ეს პირები ცრუობდნენ და ურთიერთშეუსაბამო ახსნა-განმარტებას იძლეოდნენ, თუმცა, არც დაკავებულებს და არც მათ ადვოკატებს კითხვის დასმის საშუალება არ მიეცათ.

„იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სასამართლომ დაცვის მხარეს სწორედ იმიტომ არ მისცა კითხვის დასმის უფლება, რომ პოლიციელთა სიცრუე და მათი ჩვენებების ურთიერთშეუსაბამობა კიდევ უფრო ცხადი არ გამხდარიყო“ - აღნიშნულია საიას განცხადებაში.

ამასთანავე, საია აღნიშნავს, რომ ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად სასამართლომ არ გამოითხოვა დაკავების ადგილას დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც მაღალი ალბათობით დაფიქსირებული იქნებოდა დაკავების ამსახველი კადრები.

„ამ საქმეთა ანალიზი გვიქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მითითებულ პირთა დაკავების მიზეზი მათი პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივობა გახდა და არა რაიმე სახის სამართალდარღვევის ჩადენა“ - აცხადებს საია და ასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს დადგენილებებს.

ამასთანავე, ასოციაციაში აცხადებენ, რომ ცაგურია და ალადოშვილი პოლიციაში მიყვანის შემდეგ ჯგუფურად სცემეს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

საქალაქო სასამართლომ პოლიციის მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობის მოტივით, ფაცაციას 40 დღით, ხოლო ცაგურიასა და ალადოშვილს 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.


ბეჭდვა