სახალხო დამცველის აპარატი - პატიმარ კიკნაძეს სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები აღენიშნებოდა
სახალხო დამცველის აპარატი - პატიმარ კიკნაძეს სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები აღენიშნებოდა
19:32 23.09.2012
პატიმარ გოდერძი კიკნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების, პრობაციის  და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიმართავს და მოუწოდებს მას სათანადო ზომების მიღება უზრუნველყოს.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს რუსთავის N6 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული გოდერძი კიკნაძე და მონახულების მომენტისთვის მსჯავრდებულს აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები - მოყვითალო-მოშავო ფერის სისხლნაჟღენთები და შეშუპებები ორივე თვალბუდის არეში, მარცხენა და მარჯვენა ყვრიმალის და საფეთქლის არეში, ასევე, შუბლზე - მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი. ყელის არეში, მარცხენა მხარეს, მსჯავრდებულს აღენიშნება მცირე ზომის ჰიპერემიული უბანი, ორივე ქვედა კიდურზე - რამდენიმე ნაჭდევი, დაფარული ფუფხით. 21 სექტემბერს, მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძის სამედიცინო ბარათში გაკეთებული ნევროპათოლოგის კონსულტაციის ჩანაწერის მიხედვით, მას აღენიშნება მსუბუქი ხარისხის თავის ტვინის შერყევა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, გ.კიკნაძემ მათ გადასცა თავისი ხელით დაწერილი ახსნა-განმარტება, სადაც იგი საუბრობს ზეწოლის იმ ფაქტებზე, რომელიც მის მიმართ სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში განხორციელდა.

„მსჯავრდებულის განცხადებით, მის მიმართ განხორციელებული მოპყრობის მიზანი იყო, 2001 წელს ყოფილ N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ თ.დ.-ს მკვლელობის გარემოებებზე მის ხელთ არსებული ინფორმაციის გასაჯაროებისაგან თავის შეკავება. გოდერძი კიკნაძის განცხადებით, მან შიმშილობა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შეწყვეტის მოთხოვნით 19 სექტემბერს დაიწყო. დღეისთვის მსჯავრდებული მოითხოვს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთან შეხვედრას, რომელსაც ჩვენებას მისცემს ზემოაღნიშნულ საქმეზე“ - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი კიკნაძის ახსნა-განმარტებას მთავარ პროკურატურას შესაბამისი რეაგირებისთვის ხვალ გადასცემს.

მსჯავრდებულის განმარტებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში იგი დღეში ორჯერ ხვდებოდა დედას. იგი ასევე მოინახულეს მისმა ადვოკატებმა და მოძღვარმა.

ბეჭდვა