პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კოალიცია „ქართული
ოცნების“ გუშინდელ აქციაზე, რომელიც იმავე მოედანზე გაიმართა, ძალიან ცოტა იყო ადგილობრივი მოსახლე.
„ვიცი, რომ გუშინ აქ ძალიან ცოტა იყო აქაური, ერთ-ერთმა გამომსვლელმა მეგრულად მიმართა მათ და ვერავინ ვერაფერი გაიგო“ - აღნიშნა სააკაშვილმა და განაცხადა, რომ იმდენი ადამიანი, რამდენმაც დღეს მოიყარა თავი, ზუგდიდის მოედანზე არასდროს ყოფილა.
მისი თქმით, ეს არის მთავარი გაკვეთილი, რადგან სამეგრელომ ზუსტად იცის, როდის უნდა გამოვიდეს და როდის უნდა დადგეს ფეხზე.
მისი თქმით, ის ვისაც იმედი ჰქონდა, რომ საქართველოში უკანა კარიდან დააბრუნებდა „ქურდულ წესრიგს, ორგანიზებულ დანაშაულს, პუტინურ წესებს და ქვეყანას საბოლოოდ დააბრუნებდა წარსულში“ იმედგაცრუებული დარჩება.
„რვა დღეში ამ ხალხს ელის ძალიან დიდი იმედგაცრუება, იმიტომ, რომ მთელი საქართველო აქ დგას“ - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა გამოსვლისას ჯანდაცვის სისტემის რეფორმასა და დაზღვევის ხელისაწვდომობაზე, პენსიის გაზრდაზე, განათლების სისტემის განვითარებასა და კორუფიის დამარცხებაზე ისაუბრა. ამასთან, მან ყურადღება საქართველოში ქალაქების განახლებაზე, გზების მშენებლობასა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა ქალაქ ლაზიკას მნიშვნელობა. მისი თქმით, საქართველოში 90-იან წლებში ნგრევის პერიოდი იყო, რომელსაც წერიტილი 2003 წელს სამეგრელოდან დაესვა.
