პრეზიდენტი - ჩვენ ბოლო დღეებში ხელები დამნაშავეების დასჯით გვქონდა დაკავებული
პრეზიდენტი - ჩვენ ბოლო დღეებში ხელები დამნაშავეების დასჯით გვქონდა დაკავებული
17:45 23.09.2012
პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე, რომელმაც  გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმრების წამების კადრები გადაიღო, თავის დროზე სამსახურიდან პატიმარ თამაზ თამაზაშვილთან კავშირის გამო გაათავისუფლეს.

„როგორც გამოძიებიდან ირკვევა, ეს სადისტი ციხიდან თავის დროზე გაშვებული იყო იმის გამო, რომ შემჩნეული იყო თამაზაშვილთან ურთიერთობაში“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, თამაზაშვილი თავად უკვეთავდა ამ ვიდეომასალების გამოქვეყნებას და ამ მასალების მოპოვებას.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ცნობილი სკანდალური ვიდეომასალა მას შემდეგ გავრცელდა, რაც სახელმწიფომ გამოძიება დაიწყო და „პროკურატურამ პირველმა ასეთი საქმეებისთვის რამდენიმე თვის წინ დაიჭირა ბადრაგები“.

„ჩვენს ეს ძალიან გვიან აღმოვაჩინეთ, მაგრამ არც ისე გვიან, როგორც ეს მათ წარმოედგინათ. ეს უნდა გამოქვეყნებულიყო 24 რიცხვში, ეს გროვდებოდა მრავალი თვის განმავლობაში. წინასწარ იძახდნენ ინტერვიუებში, რა მნიშვნელობა აქვს საარჩევნო კამპანიას, ისეთი რაღაცა გვაქვს, რომ ეს ყველაფერს ამოატრიალებსო“ - განაცხადა საააკშვილმა.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ის გრძნობს სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა ციხეში და ხელისუფლების სისუსტეა, რომ ეს არ იცოდა და სახელმწიფო ამაზე პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის.

„გუშინ მაჩვენეს ერთ-ერთი მათი მთავარი იდეოლოგის გოგა ხაინდრავას ინტერვიუ, რომელიც მაისში აცხადებდა, რომ „ჩვენ მათ მოვუწყობთ ცოცხებს“. საინტერესოა, ცოცხების ასოციაცია საიდან ხდება რამდენიმე თვით ადრე?“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ რუსული ტიპის კომპრომატების კამპანია რუსული ფულით ხორციელდება.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო დღეებში ვიღაცეებს გაუჩნდა ილუზია, რომ შეუძლია ქვეყანა უკან დააბრუნოს.

„ბოლო დღეებში ვიღაცას შეექმნა განცდა, რომ მოვეშვით. მე და ჩვენიანებს ბოლო დღეებში ხელები დაკავებული გვქონდა დამნაშავეების დასჯით“ - განაცხადა პრეზიდენტმა.




ბეჭდვა