„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებეში მომხდარ წამების
ფაქტებთან დაკავშირებით, ხელისუფლება არა კომპრომატების შეგროვებით, არამედ დამნაშავეების დასჯით უნდა უნდა იყოს დაკავებული.
როგორც სუბარმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, ხელისუფლება შესაძლოა, გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, ფილმების გადაღებას და დამონტაჟებას გეგმავს, თუმცა, ეს საზოგადოებას არ აინტერესებს.
„თუ საუბარია კრიმინალზე, ხელისუფლება ფილმებს კი არ უნდა აგროვებდეს, უნდა იჭერდეს დამნაშავეებს და პრევენციას ახდენდეს, რათა მომავალში საპყრობილეებში აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტები. თუკი რაღაცეებს ამონტაჟებს, როგორც სჩვევიახოლმე, არამგონია ეს ქართულ საზოგადოებას აინტერესებდეს“- განუცხადა „ნიუსპრესს“ სუბარმა.
მისივე თქმით, კოალიციისთვის უცნობია რა მასალია გამოქვეყნებას გეგმავს ხელისუფლება სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ დანაშაულებებთან დაკავშირებით.
„ციხეებთან დაკავშირებით რა შეიძლება გამოქვეყნდეს არ ვიცი. გარდა იმისა, რომ გეგმავენ იარაღის 20 საწყობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას. მაქვს ასევე, ინფორმაცია საქართველოდან გაქცეულ ერთ-ერთ ადამიანზეც, რომელთანაც მუშაობენ და თითქოს ის რუსეთიდან აპირებს შემოსვლას“- აღნიშნა სუბარმა, თუმცა, ამ პიროვნების დასახელებისგან თავი შეიკავა.
სუბარის თქმით, წინასააარჩევნოდ მოსალოდნელია პროვოკაციები და გამორიცხული არაფერი არ არის, მათ შორის ისიც, რომ შესაძლოა, გამოჩნდეს რამდენიმე ასეული „ქართული ოცნების“ მაისურიანი პირი, რომლებმაც არეულობის მოწყობის მიზნით ვიღაცეებს ფული შესთავაზონ.
