სუბარი - ბაჩო ახალაია გიორგი უდესიანთან ერთად თავდაცვის სამინისტროს საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა
სუბარი - ბაჩო ახალაია გიორგი უდესიანთან ერთად თავდაცვის სამინისტროს საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა
16:15 23.09.2012
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ კოალიციის წინააღმდეგ მასობრივ პროვოკაციებს გეგმავს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა, ამაზე ბოლო პერიოდში კოალიციის აქტივისების მასობრივი დაკავებები მიუთითებს.

სუბარის განცხადებით, ხელისუფლება არჩევნებამდე 1 კვირით ადრე, კონკრეტულად კი, 25 სექტემბერს მის მიერვე შეთხზული კომპრომატების გამოქვეყნებას გეგმავს, რაც შს ყოფილი მინისტრის მიერ 20-მდე ბინის შეძენას და იარაღით გავსებას უკავშირდება.

სუბარის განცხადებით, ხელისუფლება ამას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოიყენებს და კოალიციას არეულობის დაწყების მცდელობაში დაადანაშაულებს.

მისივე თქმით, ხელისუფლება გუშინ „ქართული ოცნების“ მიერ ზუგდიდში გამართულმა აქციამ წყობიდან გამოიყვანა და პროვოკაციების ახალი ეტაპი წამოიწყო. შესაბამისად, უკან დახევას არ აპირებს და კონკრეტული გეგმაც აქვს.

„ამაზე კი ისიც მიუთითებს, რომ შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გიორგი უდესიანთან ერთად გუშინ ნორიოში, თავდაცვის სამინისტროს საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა. გვაქვს ინფორმაცია, რომ კუდ-ს დავალებული აქვს, საქმეში ჩართოს პრობაციონერები, არქივის, იგივე სუკ-ის აგენტები, რომ როგორმე შემოაღწიონ ჩვენ რიგებში, „ქართული ოცნების“ წევრების სახით და მოაწყონ პროვოკაციები, მათ შორის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით და სხვა“- განაცხადა სუბარმა და დასძინა, რომ ამას ემატება ის მასობრივი დაკავებები, რაც ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელდა.

მისივე ინფორმაციით, რუსთავში პოლიციამ „ქართული ოცნების“ 5 აქტივისტი დააკავა, ხოლო ნინოწმინდაში, კოალიციის წამომადგენელზე ვადიმ სოკოლოვზე თავდამსხმელები დაკავებულები ჯერ კიდევ არ არიან. სუბარის განმარტებით, სოკოლოვს 20 სექტემბერს თავს დაესხნენ, ქვებით სცემეს და მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

სუბარის ცნობით, გუშინ თეთრიწყაროში ციხიდან გაათავისუფლეს შევარდნაძის დროს დაკავებული გია ხვისტანი, რომელიც სასჯელს ციხეში პატიმრების წამებისთვის იხდიდა. როგორც მან აღნიშნა, ხვისტანის სახლში გუშინ მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ბეჟუაშვილი.

„აი, ასეთი დამოკიდებულება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ სადისტებისადმი“ -აღნიშნა სუბარმა.

ბეჭდვა