კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარების ფონზე, რა მასალაც
არ უნდა გამოაქვეყნოს ხელისუფლებამ და რაც არ უნდა მოიმოქმედოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ეს დარტყმას მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაყენებს.
„არ ვიცი რა ფანტაზია აქვს ხელისუფლებას, რას მოიფიქრებს და როგორ ტყუილს იტყვიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი არის იმ მდგომარეობაში, რასაც ქართული ანდაზა ამბობს - წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“ - განუცხადა ბერძენიშვილმა „ნიუსპრესს“.
მისი თქმით, ხელისფლებამ რაც არ უნდა მოიფიქროს, მას არაფერი არ უშველის.
„ყველამ იცის, ეს რომ იქნება ტყუილი. საქართველოში არის რამდენიმე ათასი უზნეო ადამიანი, რომელიც ყველა შემთხვევაში დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს, გინდა თვითონ ის გააუპატიურონ, გინდა მისი შვილი და ეს მასალაც ამ ხალხზე იქნება გათვლილი“ - აღნიშნა ბერძენიშვილმა და განაცხადა, რომ დღეს ყველაფერი, რასაც სააკაშვილი მოიმოქმედებს, დარტყმას მიაყენებს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“.
ის დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე დანარჩენი ხალხი სწორად მოიქცევა და ეს ნათლად გამოჩნდება.
ბოლო დღეებში ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში, საზოგადოებას გააცნობენ გარკვეული ძალების მიერ დაგეგმილ პროვოკაციულ გეგმას, რომლის ნაწილი ციხეებში პატიმრების წამების ფაქტების ამსახველი კადრების წინასაარჩევნოდ გავრცელება იყო.
