პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
როგორც "ახალი მემარჯვენეების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქე სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოქალაქეთა სიცოცხლის უფლება ირღვევა.
"ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენლების თქმით, პოლიციის შენობაში ეჭვმიტანილის გარდაცვალება საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორც ძალადობრივი სიკვდილი.
"ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით შს სამინისტროს და პროკურატურის რეაქციას მომხდარზე და მათი მხრიდან ადექვატურ ქმედებას ველოდით. ასეთი რეაქცია ჯერჯერობით არ ჩანს, რაც მიუღებლად მიგვაჩნია. ეს ფაქტი აღიქმება, როგორც ძალოვანი ორგანოების კიდევ ერთი ცინიკური და თავხედური დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.
"ახალი მემარჯვენეები" სახალხო დამცველის განცხადებასაც ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, მსგავს შემთხვევაში, სახელმწიფოს საქმის ობიექტური გამოძიების ვალდებულება ეკისრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოსო ქიმერიძე 27 თებერვალს ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულის კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო გარდაიცვალა.
