შსს დაჩი ცაგურიას ცემის ფაქტს უარყოფს
შსს დაჩი ცაგურიას ცემის ფაქტს უარყოფს
11:35 23.09.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს უფლებადამცველ დაჩი ცაგურიას დაკავების შემდეგ პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ცაგურიამ დაკავების დროს პატრულის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„ცაგურიამ პოლიციელს შემოახია ფორმის პერანგი. მაშინ, როდესაც პოლიციის თანამშრომელი ცდილობდა მისთვის ხელბორკილის დადებას, ცაგურია აგრძელებდა წინააღმდეგობას. ამ დროს მას დაუზიანდა მუხლი, აქვს რამდენიმე ნაკაწრი და სიწითლე მარცხენა ხელზე“ - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციის ცნობით, დაჩი ცაგურია გადაყვანილია რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში და მასთან შეუზღუდავი შესვლის უფლება აქვს მის ადვოკატს.

დაჩი ცაგურია და მისი მეგობარი ბექა ალადოშვილი წუხელ მოინახულეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, რომლებსაც დაკავებულებმა აცნობეს, რომ მათზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა.

ბეჭდვა