საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ის, რაც დღეს საქართველოში
ხდება, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიიდან მოდის.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი და მისი იდეოლოგიაა.
„ახალაიები ძალიან მოდაშია ამ ბოლო დროს, მაგრამ ისინი გადამწყვეტნი არ არიან. ბოროტების სათავე სააკაშვილი გახლავთ. ყველა ეს უბედურება, რასაც ჩვენ ქვეყანაში ვხედავთ მისი დაუბალანსებული ხასიათიდან მოდის“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ყველაფერში ერთი კაცის ბრალეულობაა.
მისი თქმით, მოძალადე ხალხი ყველა ქვეყანაშია.
„ეს ავადმყოფი ხალხია. ნორმალურ ხალხს ამის გაკეთება არ შეუძლია. ასეთი ტიპის ხალხი ნორმალურ სახელმწიფოებში ან საავადმყოფოებში არიან ან ციხეებში, ჩვენთან კი, თანამდებობებს იკავებენ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ აქცია დღეს ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.
