საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ დღეს „ოცნების ახდენის“ დღე უწოდა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, უნივერსიტეტის მშენებლობა ზოგიერთს ხელისუფლების ფანტაზიები ეგონა.
„ეს არც პროექტებში გვაქვს და არც ფანტაზიებში. თავი ყველამ წარსულისგან და იმ მახინჯი გამოვლინებებისგან უნდა დავიხსნათ, რომელიც ბოლო დღეებში ვიხილეთ. კარგად მესმის იმ ახალგაზრდების, რომლებიც ძალადობას აპროტესტებენ“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ბოლო 4 დღის განმავლობაში, საქართველომ დანაშაულზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და ორი მინისტრი გადააყენა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გლდანის ციხის სადრაფიდან თამაზ თამაზაშვილი გამოძვრა და ეკა ზღულაძის ადგილზე დაინიშნა, ყველაფერი ის, რაც იქ ხდებოდა, ყოველდღიური რეალობა გახდება.
„არავის ვაშინებთ, მაგრამ არც ისე მიამიტები ვართ, რომ არ ვიცოდეთ რა თამაში მიმდინარეობს. იმ ხალხმა, ვინც ეს ყველაფერი ყლაპა დაისჯება, ვინც ეს ყველაფერი დაუშვა, კიდევ უფრო მეტად დაისჯება და უკვე პასუხი აგეს. ვინც ეს დააფინანსა, იმას ქართველმა ხალხმა ამ დღეებში არჩევნებზე უნდა გასცეს პასუხი“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, იმან, ვინც ამ ყველაფერს არჩევნებისთვის ინახავდა, არჩევნებზე დივიდენტები არ უნდა მიიღოს.
სააკაშვილის განცხადებით, როგორი პრობლემებიც არ უნდა შეიქმნას, არ შეიძლება საქართველოს წარსულში დაბრუნება, საიდანაც ქვეყანამ თავი ძლივს დაიხსნა.
