ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ციხეებში დანაშაული ხელისუფლების დავალებით ხდებოდა
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ციხეებში დანაშაული ხელისუფლების დავალებით ხდებოდა
16:35 22.09.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში  დანაშაული ხელისუფლების დავალებით ხდებოდა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ აქციაზე განაცხადა, ბოლო დღეებში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღშფოთებულია და მან მომხდარს სისტემის მარცხის შეფება მისცა.

მისი თქმით, სააკაშვილი იმის გამოა აღშფოთებული, რომ ინფორმაცია გახმაურდა.

„ახლა ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით თავს იმართლებენ, თითქოს რაღაც გამორჩათ და შეეშალათ. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მაინც არ იღებენ. არაფერიც არ გამორჩათ. ეს ყველაფერი მათი დაგეგმილია და სწორედ მათი დავალებით ხდებოდა“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, სტუდენტების პროტესტმა ორი მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მოიტანა.

ივანიშვილის განცხადებით, ახალაიების კლანს და სააკაშვილის რეჟიმს ბზარი გაუჩნდა, მაგრამ ეს საკმარისი არაა.

„მათი პასუხისგების დღე მოახლოვდა. 1 ოქტომბერი რეალური პასუხისგების დღე იქნება. მათ ამ დღის ეშინიათ, რადგან ამ დღის შემდეგ, კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ. ამიტომ ცდილობენ, რომ ხალხის აღშფოთება ისევ თავის სასარგებლოდ გამოიყენონ“ - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა დაიწყება.




ბეჭდვა