საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას შეხვდა.
როგორც საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გლდანის #8-ე საპყრობილეში პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საზოგადოების ინტერესზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აუცილებელია აღნიშნული საქმის დროულად გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა. მან ყურადღება გაამახვილა აღნიშნული მასალების წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნების საკითხზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია დადგინდეს, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს.
შეხვედრაზე მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ პრემიერ-მინისტრს მოცემული მომენტისთვის გამოძიების მიერ მიღწეული შედეგები გააცნო.
მისი განცხადებით, დაკავებულია 11 საჯარო მოხელე, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები და რომ მათ სასამართლომ უკვე შეუფარდა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა.
გარდა ამისა, ზოდელავას თქმით, მიმდინარეობს გავრცელებული ვიდეოკადრების შესწავლა, რათა დადგინდეს როგორც მასში მონაწილე პირების ვინაობა, ასევე გადაღების დრო.
ზოდელავამ მოუწოდა ყველას, ვისაც გააჩნია წამების და არაადამიანური მოპყრობის დამამტკიცებელი დამატებითი მასალა, მიაწოდოს იგი პროკურატურას, რათა დროულად მოხდეს პრევენცია.
„მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებულ მასალაში ასახული დანაშაული ჩადენილ იქნა მხოლოდ გლდანის #8-ე საპყრობილეში, გამორიცხული არ არის მსგავსი ფაქტების არსებობა სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც“ - განაცხადა მერაბიშვილიმა და მსგავსი შემთხვევების განმეორების გამორიცხვის მიზნით, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების სისტემაზე ზედამხედველობის და მონიტორინგის ახალი მექანიზმების შემუშავება დაავალა.
