არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალიას მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.
ისინი ახალაიას თანმდებობიდან გადადგომას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები სხვა მოთხოვნებთან ერთად ითხოვდნენ, თანამდებობა დაეტოვებინათ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს.
„აღნიშნული მოთხოვნის საპასუხოდ გუშინ, 20 სექტემბერს გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრი, რადგანაც მან მორალური პასუხისმგებლობა იგრძნო მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. თუმცა, მისი მორალური პასუხისმგებლობის დაყენება არ იქნება საკმარისი“- აცხადებენ არასამთავრობოების წარმომადგენლები და აღნიშნავენ, რომ საქართველოში არსებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის პირობებში ლოგიკურია, დაიწყოს გამოძიება, რომელიც დაინტერესდება პირადად ახალიას ბრალეულობის საკითხით.
მათივე განცხადებით, ბაჩო ახალიას სახელთან უშუალოდ არის დაკავშირებული პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის მეთოდების დამკვიდრება და ადამიანის უფლებების უხეში და მასიური დარღვევები. შესაბამისად, ბაჩო ახალაიას მხოლოდ თანამდებობიდან გადადგომა ვერ იქნება საკმარისი და პროპორციული ღონისძიება.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლება კვლავ უგულებელყოფს არასამთავრობოების მოთხოვნას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, რადგანაც თანამდებობებზე კვლავაც რჩებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი, რომლებიც წლების განმავლობაში რეაგირების გარეშე ტოვებდნენ საბყრობილეებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და რომელთაც უშუალო გავლენა შეუძლიათ მოახდინონ გამოძიების პროცესზე.
„კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეუძლებელია ამგვარი სისტემური ხასიათის დანაშაულის არსებობის პირობებში, ეს ფაქტები მათთვის ცნობილი არ ყოფილიყო“- აცხადებენ არასამთავრობოები.
განცხადებას ხელს აწერს 5 არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI), ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF), „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“.
