პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველო უკან აღარასდროს დაბრუნდება - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის იუსტიციის სახლის გახსნისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ვერანაირი მანიპულაციებით, ვერანაირი რუსული ფულითა და ბინძური მეთოდებით უკან ვეღარავინ დააბრუნებს.
„ვინ უფრო იქნება დემოკრატიული მთავრობის მომხრე - ის ვინც ყველანაირი მეთოდებით იბრძვის და უკან არაფერზე დაიხევს თუ ის ხალხი, ვინც ამ სახელმწიფო ინსტიტუტების დიდი ნაწილი ააშენა და მისი ბევრად უფრო დიდი მასშტაბებით გაშლას აპირებს?“- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება, რომ ამ კითხვებს საზოგადოება პასუხს თავისუფალ, გამჭვირვალე პირობებში გასცემს და არა მანიპულაციების, დაშინების და სხვადასხვა პროვოკაციის ფონზე.
„ასეთ ხალხს სურს ადამიანებს თავგზა აუბნიოს, მთავარი თემებიდან გადაიყვანოს და ამგვარად, სხვადასხვა მოვლენის გამო, მთავარი მოვლენისა და გამოწვევების განცდა წაგვართვან“ - განაცხადა სააკაშვილმა.
თბილისის ახალი იუსტიციის სახლი მიხეილ სააკაშვილმა დღეს გახსნა.
