პრეზიდენტი - ზღულაძე საკმაოდ მკაცრი და ხერხემლიანია
პრეზიდენტი - ზღულაძე საკმაოდ მკაცრი და ხერხემლიანია
18:24 21.09.2012
თბილისის იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის სახლი შს მინისტრის მოავალეობის შემსრულებელთან ეკა ზღულაძესთან და იუსტიციის მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან ერთად დაათვალიერა.

იგი თანამშრომლებს გაესაუბრა და იუსტიციის სახლის კაფეში თავისი ყვარლის სახლის საკუთრების ამონაწერი ჩაისთან ერთად მოითხოვა. აღნიშნული მომსახურება უფასოა.

სააკაშვილის თქმით, საქართველოში არსებული იუსტიციის სახლები საუკეთესოა და ამერიკული და ევროპული ბიუროკრატიისგან განსხვავებით, მოქალაქეთათვის იქ მისვლა და მომსახურებით სარგებლობა გამარტივებულია.

მიხეილ სააკაშვილი შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ზღულაძე საკმაოდ კომპეტენტური და მკაცრია.

„ჩვენ გვგონია რომ შს მინისტრი უნდა იყოს სერიოზული, შუა ასაკის, დაბღვერილი და ასე შემდეგ, თუმცა, თუ ვინმეს რაიმე ილუზია აქვს ეკა ზღულაძესთან დაკავშირებით, იგი არც ისეთი რბილი და უხერხემლოა. ზღულაძე საკმაოდ მკაცრი და ხერხემლიანია“-აღნიშნა მან.

ამის შემდეგ პრეზიდენტმა იუსტიციის სახლის სხვადასხვა განყოფილება დაათვალიერა და ბავშვთა გასართობი ცენტრი მოინახულა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლის ჩამოყალიბებაში წვლილი მიუძღვით ზურაბ ადეიშვილს და გიორგი ვაშაძეს.

„ზურაბ ადეიშვილი არის ყველაზე არასაჯარო ფიგურა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არის აქტიური. ადეიშვილი, გიორგი ვაშაძესთან ერთად არის ამ ყველაფრის ავტორი. ეს არის ის, რა სფეროშიც გავუსწარით ყველა ქვეყანას. ნეტა სხვა სფეროებშიც ასე იყოს“ - განაცხადა სააკაშვილმა.


ბეჭდვა