კომპანია „გალფი“ კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლთან პირველ გაზგასამართ სადგურს (CNG) ხსნის.
როგორც „ნიუსპრესს“ „გალფიდან“ აცნობეს, სადგური აღჭურვილია თანამედროვე გაზმომარაგების სისტემით, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის უსაფრთხო პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზებას.
გაზგასამართი სადგურის გახსნასთან დაკავშირებით კომპანია მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს.
აქციის ფარგლებში, ახალ გაზგასამართ სადგურზე 17:00-დან 20:00 საათამდე მისული ყველა მძღოლი გაზს უფასოდ ჩაასხამს.
უახლოეს მომავალში კომპანია გაზგასამართი სადგურის გახსნას მოსკოვის გამზირზეც გეგმავს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ „გალფს“ საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ყველაზე დიდი ქსელი აქვს. დღეისთვის კომპანია საქართველოს მასშტაბით 135 ბენზინგასამართ სადგურს აერთიანებს, 2013 წლისთვის კი, მათი რაოდენობა 150-ს მიაღწევს.
