ქართველმა ემიგრანტებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს
ქართველმა ემიგრანტებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს
16:30 21.09.2012
ქართველმა ემიგრანტებმა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს.
როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ემიგრანტმა ირაკლი აფაქიძემ განუცხადა, აქციის მონაწილეები ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემას მოითხოვდნენ.

მისი თქმით, ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე ყველანაირი ბარიერი შეუქმნეს. კერძოდ, ყველანაირად შეეცადნენ, რომ ემიგრანტს საარჩევნო რეგისტრაციის გავლა არ შეძლებოდა.

„რეგისტრაციისთვის ემიგრანტს საცხოვრებელი მისამართის შესახებ ცნობას სთხოვდნენ, მაშინ, როცა ქართველების 80% უცხოეთში არალეგალად იმყოფება. ასევე, ემიგრანტი საკონსულოში აუცილებლად უნდა მისულიყო და რეგისტრაცია იქ გაევლო, თუმცა, ბევრი ემიგრანტი საკონსულოსთან ტერიტორიული სიშორის გამო ვერ მიდიოდა“ - განაცხადა აფაქიძემ.

მისივე თქმით, ემიგრანტებისთვის ონლაინ რეგისტრაციაც მოქმედებდა, თუმცა, ვებ-გვერდზე დარეგისტრირება შეუძლებელი იყო, რადგან რეგისტრაციის ბოლო საფეხურის დროს გვერდი ითიშებოდა.

აფაქიძის განცხადებით, ემიგრანტებისთვის ბარიერს ასევე, არჩევნების ორშაბათ დღეს დანიშვნა წარმოადგენს, რადგან 1 ოქტომბერი უქმედ მხოლოდ საქართველოშია გამოცხადებული. შესაბამისად, ემიგრატთა უმრავლესობა არჩევნებზე მისვლას ვერ მოახერხებს.

მისივე თქმით, საქართველოდან მილიონზე მეტი მოქალაქეა გასული, არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება კი, მხოლოდ 42 600 მოქალაქეს მიეცა.

„დღეს ვეცადეთ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო შესაძლებლობა მივეცით. ამ ერთ კვირაში კიდევაა შესაძლებელი „შეცდომები“ გამოსწორდეს და არჩევნების დღე კვირას გადაიტანონ. ამასთანავე, ხალხს საშუალება მისცენ, რომ რეგისტრაცია გაიარონ“ - განაცხადა აფაქიძემ.

ემიგრანტები ქართველებით კომპაქტურად ჩასახლებულ უბნებში საარჩევნო ობიექტების გახსნას ითხოვენ, რათა მათ ხმის მიცემა მარტივად შეძლონ.

ბეჭდვა