„საქართველოს გზის“ თავმჯდომარე ტუღუშის მინისტრად დანიშვნას მორიგ სახელისუფლებო ჩანაცვლებას უწოდებს
„საქართველოს გზის“ თავმჯდომარე ტუღუშის მინისტრად დანიშვნას მორიგ სახელისუფლებო ჩანაცვლებას უწოდებს
15:24 21.09.2012
პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ თავმჯდომარეს კახა სეთურიძეს სასჯელაღსრულების მინისტრად გიორგი ტუღუშის დანიშვნა მორიგ სახელისუფლებო გადანაცვლებად მიაჩნია.

როგორც სეთურიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საზოგადოებას ახსოვს, თუ როგორ გადადიოდნენ სააკაშვილის ბანაკში უფლებადამცველები და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები - ზოგი მინისტრად, ზოგი კი, პარლამენტში.

მისივე თქმით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე არ უკვირს, რომ ტუღუშმა აღნიშნული ნაბიჯი გადადგა.

„მინისტრად დაინიშნა ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას პატიმართა არასათანადო, უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებდა, საუბრობდა, რომ მსჯავრდებულთა სიკვდილიანობის 2010 და 2011 წლის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია და ხაზს უსვამდა ცალკეული პოლიტიკური ფიგურების პასუხისმგებლობის საკითხს. ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მისი ანგარიშები მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებად იქცა“ - განაცხადა სეთურიძემ.

მისივე თქმით, ადამიანმა, რომელმაც ყველაზე კარგად უნდა იცოდეს თუ რა ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ასევე უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილის ხელდასმული ბაჩო ახალაია მართავდა და მართავს იმ სამინისტროს, სადაც წლების განმავლობაში პატიმრების წამება მიმდინარეობს.


მისი განცხადებით, ამის შესახებ თითქოსდა არაფერი იცოდნენ - თავის დროზე დიმიტრი შაშკინმა, შემდეგ ბაჩო ახალაიამ და ბოლოს ხათუნა კალმახელიძემ, რომელთა მემკვიდრედ დღეს საზოგადოებას გიორგი ტუღუში მოევლინა.

„სააკაშვილმა მოახერხა, რომ იმ დროს, როცა ადამიანის უფლებები ყოველ ნაბიჯზე უხეშად ირღვევა, ქვეყანას სახალხო დამცველი აღარ ჰყავს, რომელსაც უნდოდა თუ არ უნდოდა ობიექტური შეფასების გაკეთება მოუწევდა და რომლის განცხადებებსაც ქვეყნის გარეთ ყურადღებით აკვირდებიან და ანგარიშს უწევენ“ - განაცხადა კახა სეთურიძემ.

მისივე თქმით, ტუღუში ეცდება მაშველი რგოლის ფუნქცია შეასრულოს, რათა როგორმე არჩევნებამდე შექმნას ილუზია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ძირეული რეფორმები დაიწყო და ამით საპროტესტო მუხტის დაწევა მოახდინოს.




ბეჭდვა