ტომას მელია - თუ ტუღუშს მიეცემა ძალაუფლება, ის სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარების გამოსასწორებლად ნაბიჯების გადადგმას შეძლებს
ტომას მელია - თუ ტუღუშს მიეცემა ძალაუფლება, ის სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარების გამოსასწორებლად ნაბიჯების გადადგმას შეძლებს
12:36 21.09.2012
ამერიკის ჰელსინკის კომისიის სხდომა საქართველოს თემის განხილვას მიეძღვნა.

შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო მდივნის მოადგილე შრომისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ტომას მელია ხელმძღვანელობდა.

შეხვედრას კონგრესმენი კრის სმიტი უძღვებოდა, რომელმაც საქართველოში წინასაარჩევნო ვითარების პარალელურად, სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრი გადადგა და გარკვეული პირები დააპატიმრეს, ასევე, მთავრობის განცხადება - დანაშულის მონაწილეთა დასჯის შესახებ.

„მივესალმებით აღნიშნულ ქმედებას, თუმცა, შევეხებით ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებასაც, რომ მთავრობამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ომბუდსმენისა და სამოქალაქო საზოგადოებიდან მიღებული სიგნალები სათანადოდ არ შეაფასა“ - განაცხადა კრის სმიტმა.

ტომას მელიას განცხადებით კი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სწრაფად და სწორი მიმართულებით იმოქმედა, როდესაც სასჯელაღსრულების მინისტრი შეცვალა.

მისი თქმით, ახალი მინისტრი კარგი რეპუტაციის მქონე სახალხო დამცველი იყო. სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ პრობლემა სწორედ მან წამოჭრა.

„თუ მას მიეცემა ძალაუფლება, ის სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარების გამოსასწორებლად ნაბიჯების გადადგმას შეძლებს. საინტერესოა, ასევე ის, რომ ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა და მომხრეებს დამშვიდებისკენ მოუწოდა“ - აღნიშნა მელიამ და დასძინა, რომ ორივე მხარემ ამ საქციელით სწორი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

კონგრესმენების გარდა, შეხვედრას საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით მომუშავე ამერიკული და ქართული ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბეჭდვა