ჟურნალისტებისთვის პატიმრების წამების ვიდეოკადრების მიწოდების ფაქტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ვანო
მერაბიშვილის სახელის გაჟღერებას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ორ ვერსიას უკავშირებს, რომლებსაც, მისი თქმით, საკმარისი არგუმენტაცია გააჩნია.
ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა, რომელიც ამ დროისთვის ბრიუსელში იმყიფება, გუშინ ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ეთერით განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების ამსახველი ვიდეომასალა მას მაისში ვანო მერაბიშვილის სახელით მიაწოდეს.
როგორც პოლიტოლოგმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, პირველი ვერსიის მიხედვით, მერაბიშვილი განუდგა ხელისუფლებას და მისი დისკრედიტაციისკენ ნაბიჯი გადადგა, ხოლო მეორე ვერსიის თანახმად - არსებობს სახელისუფლო დიდი გეგმა, რომელსაც მერაბიშვილი ასრულებს.
საყვარელიძის თქმით, 30 ივნისს მერაბიშვილის შს მინისტრობიდან პრემიერ-მინისტრად გადაყვანა მისი დასუსტების მიზნით მოხდა, რაც შესაძლოა, მისდამი უნდობლობით იყო გამოწვეული.
„თუ კი ეს ნაბიჯი ყოფილი შს მინისტრის მიმართ უნდობლობის ჟესტი იყო, მაშინ, ციხეების ვიდეომასალის გავრცელების კონტექსტში მერაბიშვილის ხსენება გასაკვირი აღარ არის“ - განაცხადა საყვარელიძემ.
ამასთან, მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მერაბიშვილი დღეს თანამდებობას ინარჩუნებს, შესაძლოა, მხოლოდ მანევრი იყოს მისი ფიგურის გარკვეული დროით ხელუხლებლად შენახვის მიზნით.
რაც შეეხება მეორე ვერსიას, პოლიტოლოგის თქმით, შესაძლოა, ხელისუფლება გეგმავს ხალხის დიდი პროტესტის გამოწვევას და ისეთი კლიმატის შექმნას, რომ არჩევნების ჩატარება შეუძლებელი გახდეს.
„სცენარის შემდეგ რაუნდებში ალბათ შეიქმნება იმიტირებული „ქრონიკის“ მაგვარი სიუჟეტი, რადგან ბოლო დროს უცხო ქვეყნების ინტერესი ხშირად ფიგურირებს პრეზიდენტის ტექსტებში, თუმცა, გაუგებარია, რა კავშირშია ეს ინტერესი ციხის ამბებთან“ - განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, ამავე სცენარში ჯდება კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის სოზარ სუბარის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ხელისუფლება უახლოეს დღეებში ფართომასშტაბიან პროვოკაციას გეგმავს, რაც თბილისში დიდი რაოდენობით იარაღის საწყობების აღმოჩენას დაუკავშირდება.
საყვარელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მეორე ვერსია ხელისუფლებამ შეიძლება არჩვნების შემდეგაც გამოიყენოს, იმ შემთხვევაში, თუ საპროტეტსო აქციები დაიწყო.
