საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ონლაინ ღონისძიებები გაიმართება
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ონლაინ ღონისძიებები გაიმართება
12:48 25.02.2021
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, ონლაინ -შეხვედრა გაიმართება ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან, კერძოდ ემიგრაციაში წასული პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებთან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, ისტორიული და თანამედროვე დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც მიმოიხილავენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიულ-პოლიტიკურ ასპექტებს. დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ეძლევა შეხვედრას თვალი ადევნოს სამინისტროს Facebook გვერდის მეშვეობით.

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წაუკითხავს ონლაინ -ლექციას საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით და ასევე ისაუბრებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან დღეს მიმდინარე ოკუპაციასა და არსებულ გამოწვევებზე.

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გაიმართება ონლაინ-გამოფენა, რომელიც დაინტერესებულ მნახველს სთავაზობს ფოტო და საინფორმაციო მასალას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და საქართველოს ოკუპაციის თემაზე. გამოფენის ხილვა შესაძლებელია ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების Facebook გვერდებზე. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები დაინტერესებულ საზოგადოებას ასევე შესთავაზებენ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ვირტუალურ ტურს.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაეშვება სამინისტროს შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების შენობებზე.
ბეჭდვა