კოალიცია „ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის სფეროში“ წამებით დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად მზადაა
კოალიცია „ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის სფეროში“ წამებით დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად მზადაა
15:25 20.09.2012

კოალიცია „ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის სფეროში“, გმობს სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკას.



როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-დან აცნობეს, „ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის სფეროში“ მოითხოვს ყველა აუცილებელი ღონისძიების გატარებას, რათა შეუძლებელი გახდეს პატიმართა წამება, დაცული და უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

კოალიციაში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი კომისიისა და სახალხო დამცველის აპარატის ძალისხმევით უნდა მოხდეს საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების დამამცირებელი მოპყრობის სხვა ფაქტების გამომჟღავნება, ფართომასშტაბიანი და დეტალური გამოძიება, დამნაშავეთა გამოვლენა და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დასჯა.

ამასთან, კოალიცია მიმართავს ყველა ექიმსა და სხვა სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე ყველა ადამიანს, უარი თქვან პატიმართა წამებაში მონაწილეობაზე ან დასწრებაზე და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია პატიმართა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების დამამცირებელი სხვა ფაქტების შესახებ.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები მზადყოფნას გამოთქვამენ სამედიცინო, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება გაუწიონ წამებით დაზარალებულთა ოჯახებს.

განცხადებას ხელს აწერს 8 ორგანიზაცია - ასოციაცია „უფლება ჯანმრთელობაზე“, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ”ნდობა“, კავშირი „თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის“, ფონდი „გლობალური ინიციატივები ფსიქიატრიაში“
კავშირი „ახალი ვექტორი“, საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება, პაციენტთა უსაფრთხოების საქართველოს ალიანსი, ააიპ ''კონსტიტუციის 42-ე მუხლი''.


ბეჭდვა